logo
ENG



პრიგოჟინი მზადაა, ბახმუტში პოზიციები კადიროვის "ახმატს" გადასცეს

06 მაი 202315:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/vkbk162429jnstl.jpg

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს ახმატს გადასცენ.

მისი თქმით, ის უკვე უკავშირდება ახმატის წარმომადგენლებს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე პოზიციები გადასცეს - "ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს“.

5 მაისს ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებს. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.

ამასთან უკრაინის შეიაღარებულ ძალებში აცხადებენ, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები.

ჩეჩნეთისა რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ მზადაა ვაგნერის ნაცვლად თვითონ დაიკავოს ბახმუტი.

ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას, გრძელდება მძიმე ბრძოლები.

ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვეა - გასული წლის აგვისტოდან, გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას.

თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა.

კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისივე თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.


close დახურვა